ისრაელის საელჩო – არ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“

ისრაელი არ ცნობს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“. განცხადებას, საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

შესაბამისად, ისრაელი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველადი შედეგების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმი სავარაუდოდ მეორე ტურს გამართავს.  ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი მიიღებენ მონაწილეობას.