„ქვეყანა ინგრეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო“, არ გრცხვენიათ? თქვენ ხართ ოპოზიცია? – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშსა და უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ „ყველაფერი სწორია რაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, თუმცა საკმარისი სიმწვავე არ არის“.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ასეთი ანგარიშები, რომ დაეწერა შარშან, შარშანწინ და იმის წინ ამგვარ კატასტროფამდე არ მივიდოდით. რა თქმა უნდა სწორია ის რაც იქ წერია, მაგრამ ეს სრული სიმართლე არ არის. ეს არ არის ის სიმწვავე, რაც საჭიროა ქართველ ერზე მიყენებული იარების მოსაშუშებლად.

რაც მთავარია მანდ არ წერია არაფერი „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვაზე არაფერი. უახლოეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა ევროპის სივრცეში, როდესაც დიქტატორმა აკრძალა პოლიტიკური პარტია, ადოლფ ჰიტლერის შემდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტი დუმს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი ივანიშვილის რეჟიმის ლობირებას აგრძელებს. ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ დასკვნას შევაფასებდი როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს, მაგრამ სრულიად არასაკმარისს“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

რაც შეეხება ქართული დელეგაციის ვიზიტს უკრაინის ქალაქ ბუჩაში, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ „ოპოზიციას თავმოყვარეობა არ გააჩნია.“

„პოზიცია შეცვალა არა „ქართულმა ოცნებამ“, არა პაპუაშვილმა არამედ ბიძინა ივანიშვილმა. საუბედუროდ ოპოზიციას თავმოყვარეობა არ გააჩნია. ქვეყანას, რომ ოპოზიცია არ ჰყავს შემდეგ მოდიან პაპუაშვილები და ივანიშვილები. რა უნდა ველაპარაკო ამათ საკუთარი ლიდერი გაწირეს ციხეში ჯდომისთვის და პარლამენტის მანდატები არ დატოვეს. რისი ერთგულება უნდა მოსთხოვო ამათ ? იგივე, „ნაცმოძრაობას“. რას მიდიან პაპუაშვილთან ერთად, რომ იხვეწებიან დელეგაციაში ჩართვას?

ან ამ უსუფაშვილს თავმოყვარეობა არ აქვს? ამხელა კაცს… პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ყველაფრისგან უნდა გაირეცხოს ადამიანი? დადონ ყვავილები ბავშვების დახოცვის ადგილს ბუჩაში, რად უნდა ამას პაპუაშვილი? რად უნდათ ამალაში ყოფნა არ რცხვენიათ? რას ჰგავს ეს არის ოპოზიცია?

ოპოზიციის მეორე ჯგუფი არგენტინაშია წასული „ქოცებთან“ ერთად და ბუენოს აირესში ასწავლიან როგორ ააშენეს დემოკრატია საქართველოში. „ქვეყანა ინგრეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო“, არ გრცხვენიათ? თქვენ ხართ ოპოზიცია? ვაი თქვენს პატრონს და ვაი მართლა ჩვენს პატრონს“, – აღნიშნავს შალვა ნათელაშვილი.