საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელიც გადაწყდა საბოლოოდ, რომ განხორციელდება შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამან სულ სხვა დატვირთვა, წონა შეიძინა, შესაბამისად, სულ სხვა შედეგებსაც ველით. პირდაპირი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარებს შორის იქნება ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ „ფეიკ ინფორმაციას“ გამოეცლება საფუძველი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ იმ ნიშნულიდან გვექნება ურთიერთობა, რა ნიშნულზეც ყოველთვის იყო ეს ორი მეგობრული ქვეყანა,”- განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ისაუბროს დღის წესრიგზე, მარშრუტზე ან კონკრეტულ დროზე. თუმცა, კითხვაზე, გადაწყვეტილია თუ არა, რომ ვიზიტი დღეს გაიმართება, ოდიშარია პასუხობს, რომ გადაწყვეტილია.

დელეგაციის წევრები გამგზავრებასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში არიან შეკრებილები.