უსამართლოა, რომ უკრაინა იძულებულია ითხოვოს ის, რასაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში საწყობებში ინახავენ – ზელენსკი იარაღზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც მან ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, საჭირო შეიარაღებაზე წვდომის შემთხვევაში, უკრაინა უკვე შეძლებდა, ომის დაესრულებინა და თავისი ტერიტორიები ოკუპანტებისგან გაეთავისუფლებინა.

,,ჩვენ რომ გვქონდეს წვდომა ყველა იმ იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ჩვენ უკვე დავასრულებდით ამ ომს. ჩვენ აღვადგენდით მშვიდობას და გავათავისუფლებდით ჩვენს ტერიტორიას ოკუპანტებისგან. იმიტომ, რომ უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში სავსებით აშკარაა.

ამიტომაც ხაზს ვუსვამ მარტივ ჭეშმარიტებას დემოკრატიული სამყაროს ლიდერებთან, ყველა მოლაპარაკებებში, ყველა ინტერვიუში – უსამართლოა, რომ უკრაინა კვლავ იძულებულია ითხოვოს, როდესაც მისი პარტნიორები წლების განმავლობაში ინახავენ ამ იარაღს.

თუ ომის პირველ კვირას მივიღებდით იმას, რასაც ახლა ვიღებთ, დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის და ევროპის თავისუფლებისთვის ამას უფრო დიდი სარგებელი ექნებოდა. და თუ ახლავე მივიღებთ იმას, რის გადმოცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.