გიული ალასანია: უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე – მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია

„სრულიად არანორმალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, ვიყავი პოლონეთში ჩასული, მივმართე უკრაინას, უკრაინამ აქ გამოგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქეო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო.

„ეს ადამიანი მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია იმ მოვლენებისთვის, რისი მოწმეებიც ჩვენ გავხდით უკრაინაში. ძალიან მომეწონა დღეს, ბევრ ქალაქში იყო გამოსვლა, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ჩემს შვილს, მის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ექიმმა რამდენიმე კომისია შეიქმნა, ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს. ყველა ექიმს აღმოჩნდა პროფესიული კეთილსინდისიერება. განსხვავება ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ აქაც შეიძლება ამის განკურნება, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ წერენ, რომ აქ ამის შესაძლებლობა არ არის და როგორმე უნდა გავიყვანოთ ქვეყნიდან, შესაბამის კლინიკაში მოვათავსოთ. უამრავი მიმართვაა პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა არავითარი რეაქცია იქიდან არ არის“, – განაცხადა ალასანიამ.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, უკრაინა ითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.

„მოგეხსენებათ, რომ ჩემი შვილი ფაქტობრივად, განდევნეს აქედან, ჩამოართვეს მოქალაქეობა და იძულებული გახდა გამხდარიყო უკრაინის მოქალაქე. უკრაინა ითხოვს, რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე და არ ვიცი, ამას რა მოჰყვება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს მიმართა პირადად, მაგრამ არავითარი რეაქცია ამას არ მოჰყოლია აქეთა მხრიდან. ამასობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის სიმპტომები, რომლებიც თავიდანვე იყო გამოხატული, ახლა ბევრად უფრო დამძიმებულია.

მე ვიყავი პოლონეთში, შევხვდი კაჩინსკის, გავიცანი პრემიერიც და ყველა მოწადინებულია ყველანაირად და ყველაფერი გააკეთა ამ ხალხმა, ჩამოვიდა პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო მინისტრი, ლიტვამ, სეიმმა მიიღო რეზოლუცია გაყვანასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გამო და მაინც არაფერი არ იძვრის“, – განაცხადა ალასანიამ.