უკრაინის გენპროკურატურა დიმიტრი მედვედევსა და სერგეი შოიგუს ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე იბარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკითხვაზე დაიბარა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შოიგუ და მედვედევი უკრაინის პროკურატურაში 16, 17 და 18 მაისს უნდა გამოცხადდნენ ეჭვმიტანილის სტატუსით.

უკრაინის პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას.

დაკითხვაზე ასევე დაბარებული არიან: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი და რუსეთის ეროვნული გვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი.