,,საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, საქართველოს უდიდესი დახმარება გავუწიოთ, ჩვენ ვმუშაობთ თანამშრომლობის ახალ ზომებზე, რომელიც მოიცავს იმაზე მეტ თანამშრომლობას, ვიდრე ახლა გვაქვს” – ხავიერ კოლომინა

ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი ვიზიტიც გასულ კვირას, რათა ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ნატო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ,,პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

როგორც ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რეგიონსა და საქართველოში ვიზიტის დროს იმ საუბრების ნაწილი, რომელიც სამივე ქვეყანაში ჰქონდა და განსაკუთრებით საქართველოში, არის რუსეთის უკრაინაში ომის რეგიონული გავლენა.

„ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ ცვლის მეთოდებს, როგორ იყენებს ყველა ტიპის საშუალებას თავდასხმისთვის – იქნება ეს კიბერ, ჰიბრიდული მეთოდები, დეზინფორმაცია თუ კონვენციით აკრძალული იარაღები, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს. მე მესმის და ძალიან კარგად გავუგე ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ვისაც შევხვდი, პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებისა და მინისტრების ჩათვლით, რომ შეშფოთებული არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის, როგორც ისინი ამბობენ. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა. ამიტომ ჩვენი შეფასებაა – რასაკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად. ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას, ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ნატო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა“, – განაცხადა კოლომინამ.