უკრაინაზე ჩემი პოზიციის გამო მამაჩემმა პოლიციაში დამასმინა – სტუდენტი რუსეთიდან

რუსეთის მოქალაქე, მოსკოვში მცხოვრები ელვინა ხალიტოვა ამბობს, რომ უკრაინაში ომის კრიტიკის გამო ის მამამ პოლიციაში დაასმინა. ახალგაზრდა ქალი ამის შესახებ გამოცემა Proekt-ს უყვება.

ელვინა 22 წლის სტუდენტია და როგორც თავად ჰყვება, მთელი შეგნებული ცხოვრება აქტივიზმითაა დაკავებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს სოციალურ ქსელ Twitch-ზე და წერს Telegram-ის საკუთარ არხზე. ორივეგან ის აკრიტიკებს პუტინსა და ომს უკრაინაში.

სწორედ სოციალურ ქსელში აქტივობის გამო მამამისმა ელვირა პოლიციაში დაასმინა, თქვა, რომ მისი შვილი „რუსების მკვლელობისკენ“ მოუწოდებს. თავდაპირველად პოლიცია იმ სახლში მივიდა, სადაც ელვირა რეესტრის მიხედვითაა ჩაწერილი. გოგო იმ დღეს იმ მისამართზე არ იმყოფებოდა.

ელვირა ჰყვება, რომ მამამისი ბოლო წლებია აქტიურად უყურებს რუს პროპაგანდისტულ მედიას, მათ შორის, ვლადიმერ სოლოვიოვსა და სხვებს.

საბოლოოდ, საქმე გაფრთხილებით დასრულდა. ელვირას მოუწია პოლიციის განყოფილებაში განმარტებით წერილის დაწერა, სადაც განაცხადა, რომ არ მოუწოდებია რუსების მოკვლისკენ.