,,ისე როგორც არავის, დღეს „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს, რომ დილიდან ღამემდე, პარლამენტში საუბარი იყოს მხოლოდ ბატონ სააკაშვილზე” – ანა ბუჩუკური

ისე როგორც არავის, დღეს „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს, რომ დილიდან ღამემდე, პარლამენტში საუბარი იყოს მხოლოდ ბატონ სააკაშვილზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მის თანაპარტიელებს „არასდროს უთქვამთ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის“.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის განსაკუთრებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გასაგებია, რადგან ის [სააკაშვილი] მათი ლიდერია. როდესაც პოლიტიკურ დევნაზე არის საუბარი, გაგახსენებთ გელა აბულაძეს, რომელიც არის ჩვენი გუნდის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ უკანონო პატიმარი. სხვათაშორის, არამარტო ბატონი გელა, არამედ მთელი მისი ოჯახი. მათ შორის 80 წლის დედის მიმართ არის დაწყებული სისხლის სამართლის დევნა. ასევე მალხაზ თორიას და მისი 15 წლის შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა – 15 წლის ბავშვს იარაღი დაადეს თავზე, ეს ხდება დეკემბერში და დღემდე არ გამოძიებულა ეს საქმე. ასევე აკაკი ბართაიას იარაღის უკანონო ჩადების საქმე და ათეულობით და ასეულობით ჩვენი გუნდის წევრისა და მხარდამჭერის საქმე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა, იქნებოდა ეს ფინანსურ-მატერიალურად თუ სამსახურიდან გათავისუფლება და ა.შ. მაშინ ყველამ უნდა მოვითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენთვის პერსონალურ მნიშვნელოვან საკითხებზე. უბრალოდ ფაქტია, რომ საგამოძიებო უწყებებს ვერ ჩავანაცვლებთ. ამიტომ, ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ ვინ გახადა აქტუალური საგამოძიებო კომისის შექმნის საკითხი – ეს იყო „ქართული ოცნება“, კერძოდ, შალვა პაპუაშვილის პირით. მინიმუმ კითხვა გამიჩნდებოდა – რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო კომისია შეიქმნას პარლამენტში და იქ ყველაფერმა ბატონი სააკაშვილის ირგვლივ იტრიალოს? მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უმწვავესი გამოწვევები – ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროება ამდენად დაუმძიმდათ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.