დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის – გახარია

,,სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის” – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს მიიღოს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

,,ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო. 1950 წლის 9 მაისს, რობერტ შუმანმა დეკლარაცია წაიკითხა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ ევროპელები მშვიდობიან, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კონტინენტზე ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის და ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების დაცვის საუკეთესო გზა სწორედ ერთიანობაზე გადის.

ჩვენი საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინასთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება! გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს”- წერს გახრია.