არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისა და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა – გია ვოლსკი

ანდრეი პიონტკოვსკი პრაქტიკულად შარლატანად ჩამოყალიბდა. კაგებე-ს მაღალჩინოსანი იყო და აშშ-თან რაღაც გაუგებრობები ჰქონდა. იქ მას ავტორიტეტი არ აქვს და სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირდ მას ციტირებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, პიონტკოვსკი უკრაინულ საზოგადოებას არწმუნებს, რომ აფხაზეთში იგივე მდგომარეობაა, რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყო და მიშველება სჭირდება საქართველოს მხრიდან, როგორც ამას ამბობენ უკრაინელი მაღალჩინოსნები.

„არ ვიცი, რა მიზანი აქვს პიონტკოვსკის, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს პრინციპში ემთხვევა და ეს პრინციპი აგებულია მთავარ ფორმულაზე – საქართველო ერთადერთი და უალტერნატივო დერეფანია რუსეთის დერეფნის საწინააღმდეგოდ. ანუ, ენეგორესურსების მიწოდება და სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შეიძლება, განხორციელდეს, თუ არ გინდა, რუსეთის ტერიტორიის გამოყენება.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველო გარკვეული ინტერესის ობიექტად იქცა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელსაც სათავეში ის ძალა უდგას, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. ანუ, რუსეთის ინტერესია საქართველოში დესტაბილიზაცია, რათა მისი ალტერნატიული დერეფანი არ იყოს წარმატებული და დესტაბილიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ ინტერესი, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს. ამას ხელს უწყობს გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში არიან. პიონტკოვსკი არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს კრებს და თავისი თავის წარმოჩინებისთვის, თუ დამკვიდრებული შარლატანის იმიჯის გადასაფარად, უნდა, რაღაც „ფილოსოფიური“ აზრი მოგვაწოდოს იმის თაობაზე, თითქოს სოხუმი და ცხინვალი მზად არიან ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ და ამას ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს. ეს არის ის სურათი, რაც ჩვენს თვალწინ იშლება. ამის იქით, არანაირი სხვა კომენტარი, ალტერნატიული მოსაზრება ან პოლიტიკური არქიტექტურა არ არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.