გვარამია ახლა გახდა ყველასთვის დემოკრატი, პატრიოტი, „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება – ირაკლი ზარქუა

„პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა,” –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც  გამოეხმაურა ნიკა გვარამიას დაკავებას.

ზარქუას თქმით, თუ ვინმეს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება აქვს, შეუძლია, საქმე გაასაჩივროს.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და ამის გამო მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, თუ გაკოტრებული პარტიის პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ტექსტებით საუბრობდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სახელმწიფო ართმევდათ და ჩარეული იყო.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა ეტაპზე დაცული იყო. ამ განცხადების შემდეგ ყველა მიწყნარდა, მანამდე გაჰკიოდნენ. ახლა გვარამია ყველასთვის გახდა დემოკრატი, პატრიოტი, ამ ქვეყნის ერთგული, გადამრჩენელი და ა.შ. ეს მათი უფლებაა. თუ ვინმეს აქვს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება, აგერ არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. ამ ვაი პოლიტიკოსებს, გაკოტრებულებს თავისი ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ და შეუძლიათ, ქვეყანა ლაფში ამოსვარონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუა გვარამიას შეწყალების საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ , პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა. მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის.

„როგორც მოვისმინე, გვარამიამ ოჯახს მოუწოდა, პრეზიდენტს არ მიმართონ. პრინციპში, მართალიც არის და მის პოზიციას ვიზიარებ, რადგან მისი მთელი შემოქმედება და გუნდი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, მისი უხერხულობა მესმის, თუმცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის. „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა. ვამბობდით, რომ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, როცა ერთ საათში კომპანიის დარეგისტრირება შეიძლება. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო და ანტენებს დასდევდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას 3 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.