“გასქელებული ჯიბე არ გაწუხებთ? არაფერში რომ ამხელა დანამატებს იღებთ, არ გეხამუშებათ?”

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს გარემოვაჭრეებს ტერიტორიები დაატოვებინეს. ასე დატოვეს გარემოვაჭრეებმა რიყის პარკის ტერიტორია და მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ტერიტორია. სწორედ ამ საკითხზე დაგვიკავშირდა უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი და მეტროს მიმდებარედ მჯდარ გარემოვაჭრე მოხუც ქალზე გვიამბო.

-„ახლა შევესწარი ფაქტს როგორ ზის „თავისუფლების მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ქალბატონი და როგორ ტირის. როგორც მითხრეს, მას მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სიგარეტები აუყარეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ეს ქალი თავის შვილიშვილთან ერთად დადის აქ და ყვავილებს და სიგარეტებს ყიდის. მე ვიცნობ მის ოჯახურ მდგომარეობას. ჟუჟუნა ალადაშვილი მეუღლესთან, 3 შვილთან და 2 შვილიშვილთან ერთად სამგორში ორ პატარა ოთახში ცხოვრობს ქირით. 175 ლარია მათი სოციალური დახმარება, ოჯახში დასაქმებული არავინაა და ეს ქალი ამხელა მანძილს გადის მხოლოდ იმიტომ, რომ პურის ფული მაინც იშოვოს. მე მესმის, რომ გარევაჭრობა კანონით დაშვებული არ არის და ზედამხედველობის სამსახურს კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ადამიანობა არ არის? როგორც მითხრეს, საკმაოდ უხეშად მოექცნენ ქალს. მე, როგორც უფლებადამცველი კანონს პატივს ვცემ, მაგრამ მინდა მივმართო მთავრობას-ასეთ საცოდავ ადამიანებს რომ დაერიეთ, იქნებ ჯერ თქვენს პრემია-დანამატებს გადახედოთ. თქვენ ვერასდროს გაიგებთ ასეთი ადამიანების გაჭირვებას, რადგან მხოლოდ ერთი თვის დანამატი გაქვთ იმხელა, ამ ქალის 7 სულიანი ოჯახი 2 წლის განმავლობაში რომ ვერ გამოიმუშავებს.

რა ქნას ახლა ამ ადამიანმა? რითი უყიდოს შვილიშვილს პური? ზის ბებია, კალთაში შვილიშვილი უზის და ორივე ტირის-ქალი სიმწრისგან, ბავშვი-შიმშილისგან! გასქელებული ჯიბე არ გაწუხებთ? არაფერში რომ ამხელა დანამატებს იღებთ, არ გეხამუშებათ? ხალხში გადით და რეალური სურათი დაინახეთ, ხალხის ცხოვრებით და ყოფითაც დაინტერესდით, თორემ სწორედ ეს ადამიანები დაგანახებენ რეალობას 8 ოქტომბერს! ხალხს მიხედეთ, ბატონებო, ხალხს!“-მიმართა მთავრობას უფლებადამცველმა.

გარევაჭრობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ   გარევაჭრობა კანონით დაშვებული არ არის და ამასთანავე ასეთი არაორგანიზებული ვაჭრობა ქალაქის იერსახისთვისაც მიუღებელია.

„გარევაჭრობა კანონით იკრძალება და მერიამ მოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართიც შესთავაზა. გარევაჭრობა ქუჩებში, ბარდიულებზე, სადარბაზოებში არის დაუშვებელი, გარდა ამისა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რომლებიც ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ასეთი არაორგანიზებული ვაჭრობა ქალაის იერსახისთვის მიუღებელია.“- განაცხადა ლექვინაძემ.

13599518_1206947776005020_1263389200_n

 

კომენტარის დატოვება