“თუ ამპარტავნება დაგეუფლებათ, გაიხსენეთ, როგორ იღუპება მისგან სათნოება”

პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ხიბლი –  ქრისტიანულ სამყაროში  ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება. წმინდა მამები საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს თავმდაბლობისკენ მოუწოდებენ და მეზვერისა და ფარისევლის იგავს  ახსენებენ – როდესაც ორივე მათგანი ღვთის სახლში სალოცავად შევიდა,  ფარისეველი  თავის ქებას მოყვა: „კვირაში ორჯერ ვმარხულობ, მეათედს გწირავ უფალო ყოველი ჩემი მონაგებიდან და  არ ვარ ისეთი ცოდვილი, როგორიც ეს მეზვერეა“, ხოლო კართან მდგომი მეზვერე თავის აწევასაც ვერ ბედავდა,  მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე“. როგორც სახარებაში უფალი ამბობს, მეზვერე უფრო გამართლდა ღვთის წინაშე, რადგან ის, ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.

ერთ-ერთი წმინდა მამის სწავლებიდან:

„დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა მხოლოდ საჩვენებელი ცხოვრება, როგორ იქცევიან მრავალნი,  როგორც საზოგადოების, ასევე ოჯახის წევრების, ახლობლების წინაშე?! მხოლოდ წარმოაჩენენ, გამოფენენ, ხმამაღლა გაიძახიან, ყოველგვარ უმნიშვნელო საქმეს ახმოვანებენ, როგორც ჯერ კიდევ დაუდებელი კვერცხის გამო კაკანებს ქათამი, თუმცა ქათმის კაკანს საფუძველი მაინც აქვს, პატივმოყვარეობა კი არარსებულს აღამაღლებს, ანდა მასზე მუდმივად ღაღადით სპობს ნამოღვაწარს. თუ ამპარტავნება დაგეუფლებათ, გაიხსენეთ, როგორ იღუპება მისგან სათნოების ყველა ნაყოფი.

ვინ ვართ ჩვენ, თუ არა ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? – არაფერი, ჩვენი ცოდვების გარდა. ახალი აღთქმის ერთ-ერთ თავში მდიდარი საკუთარ თავს იქებს „გავმდიდრდი და აღარაფერი მიჭირს, არაფერი მაკლიაო. თუმცა მას ამის პასუხად ეტყვიან:  „შენ არც კი იცი, რა უბადრუკი, საწყალობელი, ბრმა და შიშველი ხარ“-ო.

-ნუ იამაყებ ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ, მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწად მიიქცევი. საკუთარ თავს სხვაზე მაღლა ნუ დააყენებ, რაც არ უნდა თანამდებობა გერგოს. თუ რამე სათნოებას აღასრულებ, ნუ გამოიტან სააშკარაოზე, რადგან ამაშიც უფლის ხელი ურევია. თავი აარიდე სიამაყეს, ამპარტავნებას და პატივმოყვარეობას.