სატყეოს თანამშრომელმა წიწვოვანი ხის უნებართვოდ მოჭრის სანაცვლოდ ქრთამის სახით 5 000 ლარი აიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებული “ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელია, რომელმაც წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 5 000 ლარი მიიღო.

უწყების ცნობით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა 5 000 ლარის ოდენობით. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით” – ვკითხულობთ განცხადებაში.