“მე მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს” – პაპუაშვილი

“მე მიკვირს, რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ძალისხმევა უკრაინის ხელისუფლების მიმართ გამოიყენონ, რომ ქვეყანაში ელჩი დააბრუნონ.

“მე მიკვირს, თუ რამდენი მეურვე გამოუჩნდა უკრაინის პრეზიდენტს და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი და მაშინაც ვთქვი და განვმეორდები- არც ერთხელ, უკრაინის პრეზიდენტს არ გამოუთქვამს სურვილი და ალბათ არის ამის მიზეზი და მე ვვარაუდობ რაც შეიძლება იყოს. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ დღემდე, საუბარი იყო, რომ თითქმის არ დარჩა ევროპის ქვეყანა, რომლის პარლამენტისთვის არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს, არათუ თითქმის, ევროპაში არ არის არც ერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი.

ამიტომაც ვვარაუდობ, რომ იმ ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიურ დემარში აქ გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს იმ თხოვნით, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მას უმასპინძლოს იმ ვითარებაში, როდესაც თავად აქვს ქვეყანას დიპლომატიური დემარში გამოცხადებული. მე მოგიწოდებთ პირიქით მიმართოთ ეს ძალისხმევა, მიმართოთ უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ დააბრუნონ მათ ელჩი საქართველოში” – თქვა პაპუაშვილმა.