,,სტატუსი და პირობები უკრაინას და მოლდოვას, პირობები და შემდეგ სტატუსი საქართველოს – ასეთია ევროკომისიის წინასწარი შეთანხმება” – ,,რადიო თავისუფლება”

უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის რეკომენდაციაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტს​, რიკარდ იოზვიაკს, ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ წინასწარი შეთანხმებით, შეფასებაში, რომელსაც ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს, საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

იოზვიაკის ცნობით, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებთან ერთად. საქართველო კი ახლა მიიღებს პირობებს და მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს. ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ.

ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განაცხადებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო მოსაზრებას დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნებს, რის შემდეგაც, ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტილებას სამი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, 23-24 ივნისს, ევროპული საბჭოს სამიტზე გამოაცხადებენ.