გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას, იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, თვის ბოლოს დანიშნულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ შოლცმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას. იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს.

„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა, რუსეთი ცვლის საზღვრებს ევროპაში ძალის გამოყენებით და ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ გერმანია სხვა ქვეყნებთან ერთად, თავიდანვე დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ უკრაინას ვაწვდით ყველა სახის დახმარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, . ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ეს იარაღი უკრაინას სჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.