„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს საქართველო მარტო დარჩა – ხელისუფლებამ საკუთარ მიზანს მიაღწია: გაართულა ისტორიული არჩევანის რეალიზება” – სალომე სამადაშვილი

არ გამიკვირდება, თუ ვნახავთ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს ევროკომისიის დასკვნაში – ძალიან იშვიათად და თითქმის არ ხდება, რომ კომისიის გადაწყვეტილების გადახედვა მოხდეს ევროპული საბჭოს მიერ, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ყველა შემთხვევაში ევროკომისიის პოზიცია ახსნილი და დასაბუთებული იქნება.

„ევროკომისიის დასკვნა შეაფასებს ამ წლების განმავლობაში, რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველოს შეიძლებოდეს ჰქონდეს პრეტენზია ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. ცხადია, ჩვენი სურვილია, ევროკომისიის რეკომენდაცია იყოს, რომ ქვეყანა გახდეს კანდიდატის სტატუსის მატარებელი, თუმცა გვახსოვს არაერთი კრიტიკა, რომელიც უპასუხოდ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“. არ გამიკვირდება, თუ ვნახავთ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს ევროკომისიის დასკვნაში. ყველა შემთხვევაში მათი პოზიცია იქნება ახსნილი და დასაბუთებული და საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ დოკუმენტიდან, რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის დასასრულს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.