,,საქართველო დღეს არის მაჩანჩალა – „ქართული ოცნების“ „შემოქმედების“ შედეგია, რომ „ევრაზიულ ლიგაში“ გადავედით” – პაატა მანჯგალაძე

სამეულიდან, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, საქართველო დღეს არის მაჩანჩალა. „ქართული ოცნების“ „შემოქმედების“ შედეგია, რომ „ევრაზიულ ლიგაში“ გადავედით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და სწორედ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უნდა მიანიჭონ, რადგან სხვა გადაწყვეტილება რუსეთმა მწვანე შუქის ანთებად შეიძლება ჩათვალოს.

„საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც დღეს გვყავს, რომელიც ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. მათ არაფერში სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი, ამბობენ კიდეც, რომ არაფრის მომცემია, რადგან მათთვის საქართველო არის ივანიშვილის უკანა ეზო. სამეულიდან, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, საქართველო დღეს არის მაჩანჩალა ადგილზე და არის რისკი გადავიდეთ აზერბაიჯან- სომხეთის ჯგუფში. ეს არის „ქართული ოცნების“ „შემოქმედების“ შედეგი, რომ გადავედით ევრაზიულ ლიგაში, რაც დასანანია.

მაკრონის განცხადება იმას ნიშნავს, რომ ძალით ევროპაში არავინ შეგვათრევს, ეს არ არის ევრაზიული კავშირი ან დსთ, რომ ასე მოხდეს, ჩვენ თუ ევროპაში გვინდა, უნდა ვაკმაყოფილებდეთ ევროპულ სტანდარტებს. დემოკრატიის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ქვეყანა ხელისუფლების გამოისობით, მაგრამ სწორედ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე უნდა მისცენ ქვეყანას სტატუსი, რომ რუსეთმა ეს არ ჩათვალოს მწვანე შუქის ანთებად,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.