მართლაც ისტორიული კვირა იწყება, მოვისმენთ EU-ს პასუხს, რუსეთისგან მტრული აქტივობის გაძლიერებას ველით – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეო მიმართვის დროს თქვა, რომ იწყება ,,ისტორიული კვირა”. მისი თქმით, 1991 წლიდან მოყოლებული უკრაინის ისტორიაში რამდენიმე ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილება იყო, როგორსაც ქვეყანა ახლა ელოდება.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კვირაში რუსეთისგან მტრული აქტივობების გაძლიერებას ელიან.

,,ხვალ მართლაც ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც ევროკავშირის პასუხს მოვისმენთ უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და ახალი კვირის ბოლოს იქნება ევროსაბჭოს პასუხი”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მთელი ევროპის ინტერესებს.

,,ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ. მიზანმიმართულად, დემონსტრაციულად. ზუსტად ამ კვირაში. და არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით. Მზად ვართ. ვაფრთხილებთ პარტნიორებს”, – თქვა ზელენსკიმ.