რა სტატუსით შეხვდა მაკკეინი სააკაშვილს და რაზე ისაუბრეს მათ…

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში ვიზიტამდე ამერიკელ სენატორთა მულტიპარტიული დელეგაცია სენატორ მაკკეინის ხელმძღვანელობით უკრაინას ესტუმრა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მიხეილ სააკაშვილის გუნდთან შეხვედრას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ამჟამად კიევში მყოფ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საზოგადოებრივი მოძრაობა «ივერიის» წევრს, ეკონომიკის ექსპერტს დავით ნებიერიძეს.

– თავად ის ფაქტი, რომ ამერიკელი სენატორების ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან შეხვედრას, მკაფიოდ უსვამს ხაზს იმ საქმის, იმ მისიის მნიშვნელობას, რომელიც იტვირთა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. ამ შეხვედრით ნათლად გამოჩნდა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მთავარი პოლიტიკური მოთამაშის მნიშვნელობა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის. ეს არ იყო უბრალოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან შეხვედრა. ეს იყო შეხვედრა იმ გუნდის ლიდერთან, რომლის ფასეულობები და პოლიტიკური წონა რეალურად ცვლის გარემოს და რომლის ბრძოლასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცის ტრანსფორმაციის საქმეში. ამ შეხვედრაზე იმდენად გლობალური მნიშვნელობის საკითხები იქნა განხილული, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სოფლის «ბირჟაზე» ჩამომჯდარ ჭორიკანა დედაკაცებად მოგეჩვენებოდათ. მერწმუნეთ, შეუდარებელ მასშტაბებთან გვაქვს საქმე. აქ საუბარია გლობალური ცვლილებების მოლოდინზე. ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მიხეილ სააკაშვილი განიხილება როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელიც ცვლის გარემოს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას. ზუსტად ამ მოცემულობაში გამოიხატება მისი ფიგურის მასშტაბურობა.

-და მაინც,  რა სტატუსით შეხვდა სააკაშვილს?

-მაკკეინი სააკაშვილს შეხვდა როგორც  გეოპოლიტიკური ცვლილებების ლოკომოტივს, ასე რომ წინ ბევრი ვცლილება გველის და ჩვენც აქ დავასრულოთ ამ ეტაპზე საუბარი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ.

კომენტარის დატოვება