ღარიბაშვილის ამოცანა არის ის, რომ სამართლიანად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა არ თქვან თბილისის ქუჩებში თავიანთი სათქმელი – სალომე სამადაშვილი

მინდა ყველას მოვუწოდო არ დაგაბნიოთ რუსული მეთოდებით ხელისუფლების ამ სტრატეგიამ, როდესაც დღეს თქვენ გატყუებენ, – ამის შესახებ „ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა და გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილისგან ერთადერთი მოლოდინი ჰქონდათ და ეს მისი გადადგომა იყო.

„დღეს ერთადერთი, რასაც საზოგადოება ღარიბაშვილისგან ელოდებოდა, ეს არის გადადგომის შესახებ განცხადება იმიტომ, რომ ქვეყანა განიცდის ასეთ ისტორიულ მარცხს, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ. ამიტომ, ერთადერთი სწორი პასუხი ეს არის წასვლა.

დღეს ღარიბაშვილის ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ძალიან სამართლიანად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა არ თქვან თბილისის ქუჩებში სათქმელი. მინდა ყველას მოვუწოდო არ დაგაბნიოთ რუსული მეთოდებით ხელისუფლების ამ სტრატეგიამ, როდესაც დღეს თქვენ გატყუებენ იმიტომ რომ დარჩეთ სახლში. არ უნდა დარჩეთ, დღეს უნდა გამოხვიდეთ”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.