,,სამხედრო ოპერაციის მიზნები არ შეცვლილა, დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნები არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ დონბასის რეგიონის “გათავისუფლებისთვის” იბრძვის.

“არაფერი შეცვლილა, 24-ში [თებერვალს] დილით ადრე პირდაპირ და საჯაროდ ვუთხარი მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს. არაფერი მაქვს დასამატებელი, არაფერი შეცვლილა.

საბოლოო მიზანი – დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – ამბობს პუტინი.

ამასთან, პუტინის თქმით, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.

“ვადებზე საუბარი არაა საჭირო, მე არასდროს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს ცხოვრებაა, რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია”, – ამბობს პუტინი.