საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1 304.5 ლარია

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7 პროცენტით).

2021 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 055.5 ლარით, ხოლო კაცების – 1 537.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 10.8%, კაცებში – 9.2% შეადგინა.

კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.