სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა.

პროკურატურის ცნობით, მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.

„ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში” – წერია პროკურატურის განცხადებაში.