„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!” – ხვალ მერიასთან აქცია გაიმართება

„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!” – ამ სახელწოდებით ხვალ, 09:00 საათზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ორშაბათს, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით მერიის მთავარ შესასვლელთან. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე.

გელოდებით ყველას, უთხარით თქვენი სათქმელი დამნაშავეებს!” – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, კახა კალაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თბილისის მერის მიერ ერთი დღის გახსნილმა შადრევანმა, 13 წლის ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე და ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობა შეიწირა.