„არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს” – სალომე ზურაბიშვილი

„არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით.

„რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში, ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში იმ სიტუაციის გამო, რაც რუსეთში არსებობს. მაგრამ ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მგონია, რომ ამისთვის მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და მიღებულია ყველა ზომა.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა