„რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ” – ფინანსთა მინისტრი

„რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ” – ასე გამოეხმაურა, ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში, პრეზიდენტ სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს.

„დღეს არსებული მექანიზმები, რომლითაც შესაბამისი კონტროლი ხდება, სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს. მათ შორის, სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, თუ ვინ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში და ვინ არა და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არა, როდესაც ესა თუ ის პირი საქართველოში აპირებს შემოსვლას. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ ისეთი მომენტი დადგება, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რაც უსაფრთხოების მიმართულებითაა საჭირო, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის” – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.