გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები პროკურატურასთან აქციას მართავენ

გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ და მოითხოვენ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილშია დამნაშავე.

ოჯახი ასაჯაროებს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, რითაც დგინდება, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.

როგორც პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში” მყოფ ვახტანგ ჩარკვიანს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი, მიდაზოლამი გაუკეთეს.

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, მსგავსი დოზებით დანიშნული ეს პრეპარატები, თუ ის მართლაც გაუკეთდა პაციენტს, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევდა.

„ექსპერტიზა პირდაპირ აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირების გამოიყენებით გარდაიცვალა და ამან გამოიწვია ბუნებრივი სიკვდილი… [ვითხოვთ] დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობაში. ვახტანგ ჩარკვიანი არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა”, – აცხადებს ოჯახის ადვოკატი მზია ხასრაშვილი.

გუშინ, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაუყენა ექთანს. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი „რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამტკიცებ, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, 20 წლის ბიჭს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა.