„პირველი შემთხვევაა, ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ადამიანის ზიარებაზე” – მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი კლინიკა „ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის საზიარებლად მივიდა, თუმცა პალატაში არ შეუშვეს.

მიზეზად კლინიკა კორონავირუსს ასახელებს.

მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტს გაუკეთებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი მონახულება.

„ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და იმის მიხედვით. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც და მე მით უმეტეს მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემ პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. მადლობა ღმერთს უშვებენ [გიული ალასანიას]. ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.