ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი – მოკლას მიხეილ სააკაშვილი | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესს, სადაც მესამე პრეზიდენტმა სასამართლოს მისი მძიმე მდგომარეობა აჩვენა.

ზელენსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს.

„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება.

მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავრობა – რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას [სააკაშვილს] კლავენ. თქვენ იცით, რომ მათ ის მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა, ბოდიში, კლავენ.

სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – ის მოკლან” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოლიტპატიმარი პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით  მიმართა და თქვა, რომ მისი ერთადერთი მოთხოვნა, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა.

მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მაისური აიწია და სასამართლოს მისი ფიზიკური მდგომარეობა ანახა. მან „არაეთიკური სურათის” ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა.