“ეს კანონი გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას” – ნედ პრაისი “ხალხის ძალის” ახალ კანონპროექტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი ეხმაურება ორგანიზაცია “ხალხის ძალის” მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელმაც “უცხო ქვეყნის აგენტები” უნდა გამოავლინოს.

ნედ პრაისი ამბობს, რომ შემოთავაზებული კანონი გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დაფუძნებულია მსგავს რუსულ და უნგრულ კანონზე და არა ამერიკულზე.

“გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას.

შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას].” , – აცხადებს ნედ პრაისი.