აშშ შეშფოთებულია რუსეთის მცდელობებით მოლდოვაში დესტაბილიზაციისთვის | ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრისას ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის მცდელობებით მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით შეთქმულების გამო, რომელიც დავინახეთ, რომ რუსეთიდან მოდის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოლდოვას, მის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებსაც პრეზიდენტი და მთავრობა ახორციელებენ” – განაცხადა ბლინკენმა სანდუსთან შეხვედრაზე.

უკრაინის დაზვერვამ გასულ კვირას კიშინიოვი გააფრთხილა, რომ რუსეთი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მაია სანდუმაც დაადასტურა.