“არ სჭირდება საქართველოს ეს კანონი” – კელი დეგნანი “ოცნების” რუსულ კანონზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს.

დეგნანი თვლის, რომ აღნიშნული კანონი განსხვავებული ხმის ჩახშობას ემსახურება.

“ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად.
საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი” , – ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.