“ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი” – NATO “ოცნების” რუსული კანონპროექტით შეშფოთებულია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) “ოცნების” რუსულ კანონზე, “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” , პირველ განცხადებას “ფორმულასთან” აკეთებს.

“NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს.” , – განუცხადეს “ფორმულას” ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.