„ჩემთვის რთულია აფსუას ვუწოდო ძმა, ისიც მტრად მიმიჩნევს.. ბედნიერი მხოლოდ იმპერიაა…“

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი.

აგვისტოში აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდება. საკმარისი დრო გვქონდა იმისათვის, რათა გაგვეანალიზებინა შეცდომები და შეგვეფასებინა შედეგები. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ:

ა) 1989 წლის 7 მარტის ლიხნის თავყრილობა და ივლისის დარბევები,

ბ) 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალება,

გ) 9 აპრილი და რუსული იმპერიალისტური ინტერესები საქართველოს მიმართ.

გარეშე ძალამ დაპირისპირებულ მხარეებად გვაქცია.. ჩემთვის რთულია აფსუას ვუწოდო ძმა, საკუთრივ აფსუაც უკვე საუკუნეზე მეტია რაც მტრად მიმიჩნევს.. ბედნიერი მხოლოდ იმპერიაა, რომელმაც დაგვყო და ბატონობს.. .

რეალობა ასეთია: აფხაზეთში მოხდა ქართველთა ეთნიკური წმენდა; იქ დარჩენილი გალის რაიონში მცხოვრები ქართველები მოკლებულნი არიან ყოველგვარ უფლებებს, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას; აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დღემდე აგრძელებს სიძულვილის რიტორიკას, ფსოუდან ენგურამდე მიზანმიმართულად ანადგურებს ისტორიულ ძეგლებს და შლის ქართულ კვალს. ასეთ ვითარებაში თბილისისგან ითხოვს აფხაზეთის დამოუკიდებოლობის აღიარებას. ამ შემთხვევაში რუსეთი დაუბრკოლებლივ მიიერთებს საქართველოს ისტორიულ კუთხეს, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ეს გარემოებები ართულებენ ნდობის აღდგენის პროცესს და კიდევ უფრო ამცირებენ სივრცეს კონსტრუქციული დიალოგისათვის, პირველი ეტაპისთვის თუნდაც ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და საკუთარი ისტორიული მიწის ოკუპაციას რუსეთის მიერ. თუკი სეპარატისტთა ლიდერებს სურთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მიღწევა, ამისთვის ერთადერთი დემოკრატიული და ცივილიზებული გზა არსებობს:

ა) ურთიერთობების სუფთა ფურცლით დაწყება უნდა მოხდეს აფხაზეთში ქართველთა ღირსეული დაბრუნებით;

ბ) რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია;

გ) მშვიდობიან და სამართლიან ვითარებაში, საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობით, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გარანტიით, ჩატარდეს რეფერენდუმი აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

მე ღრმად მწამს, რომ აფხაზ ერს ეყოფა სიბრძნე და გონიერება, რათა გაემიჯნოს რუსეთის იმპერიულ გეგმებს, სადაც აფხაზეთი მოიაზრება აფხაზების და ქართველების გარეშე. ჩვენმა მტრობამ დაანგრია ისტორიული ძმობა და ხელი შეუწყო არაჯანსაღ პროცესებს. ჩვენს თაობას უნდა ეყოს გამბედაობა დადგეს ისტორიული სიმართლის სადარაჯოზე. დროა დავიწყოთ სვლა შეცდომების გამოსწორებისკენ!

კომენტარის დატოვება