დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები „ევროპული საქართველო” და პარტნიორი ორგანიზაციები არიან.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება 21 წლის აქტივისტს „რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.