„სიცოცხლეს შევწირავ, რომ სიმართლე დავამტკიცო და ჩემს შვილს თვალებში თამამად შევხედო…“

ეს ამბავი ჯერ კიდევ აწ გარდაცვლილმა პოლიტიკოსმა, ალეკო შალამბერიძემ გაახმოვანა და სიმართლისთვის ბრძოლა დაიწყო. საქმე 2008 წლის ომის ვეტერანის, სერჟანტ გივი მელაძის გარდაცვალებას ეხება. საზოგადოებას კარგად ემახსოვრება 2009 წელს „ვეფხვი და მოყმის“ ძეგლთან მომხდარი ავტოკატასტროფა, რომლის დროსაც  გივი მელაძე დაიღუპა.

-„2009 წლის 1 მაისს გივი მელაძე სამსახურში მიდიოდა და სანაპიროზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს ადამიანი უდანაშაულო იყო, საპატრულოს პირველადი ნახაზებიც ამას ამბობდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ თვეში ყველა მონაცემი შეიცვალა და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ მელაძე დაზღვეული იყო და თავდაცვის სამინისტროს ოჯახისთვის კომპენსაცია რომ არ მიეცა. აი, ამის გამო მთლიანად შეიცვალა ეს სქემა! საპატრულოს გამომძიებელი ვანო ილურიძე არ აძლევს დედას პირველად საბუთებს. ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ ოჯახს და სამართლიანობა აღვადგინოთ“-ამბობდა მაშინ ალეკო შალამბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ შალამბერიძესთან ერთად სხვა პოლიტიკოსებიც მოუწოდებდნენ მოსამართლეს კანონიერების დაცვას,  სასამართლო გაიმართა, მაგრამ უშედეგოდ…

2009 წლიდან მოყოლებული გამწარებული დედა მხოლოდ სიმართლისთვის იბრძვის, მაგრამ…ავტოკატასტროფის შემდეგ  ახალი მთავრობაც მოვიდა, თავდაცვის სამინისტროში მინისტრებიც შეიცვალნენ და მოადგილეებიც, უცვლელია მხოლოდ მელაძის საქმე.

რთულია დაურეკო დედას, რომელსაც შვილი აგვისტოს ომიდან დაუბრუნდა, სამსახურში წასული კი სახლში ვეღარ მოვიდა და დეტალებზე ესაუბრო, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგოს რა ხდება, ჩვენ ქალბატონ მზია მელაძეს დავუკავშირდით.

 

-„ღმერთმა ყველა იმ სიმართლით ატაროს, რა სიმართლეც ჩემ შვილს დასკვნაში დაუწერეს.

ირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე კონპენსაცია კი არ მაინტერესებს, სიმართლის აღდგენა მინდა და ჩემი შვილის წინაშე პირნათელი მინდა ვიყო. ფული კი არა, ყველაფერი ოხრად მრჩება-ქვეყანაზე აღარავინ დამრჩა.

იმ ავბედითი შემთხვევის მერე სად არ ვიყავი ვინ არ შევაწუხე, მაგრამ სამართალი ვერ აღვადგინე. ახალი მთავრობა რომ მოვიდა, ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში ვითხოვდი მინისტრთან შეხვედრას. მას ვერ შევხვდი, მაგრამ მესაუბრა როგორც მითხრეს მისი მარჯვენა ხელი მამფორია. თუ რამეს ვეტყოდი, ეგ მე არ ვიცი, იურისტთან უნდა გავიაროო, იურისტი კი გიორგი ცაბაძე იყო, რომელიც სასამართლოში თავდაცვის უწყების წარმომადგენელი იყო და აბა, ჩემი შვილის სასარგებლოდ რას იტყიდა. მამფორიამ მითხრა, ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია, 200 ლარით დაგეხმარებითო-გავგიჯდი, რად მინდა ფული, სახლიც ოხრად მრჩება და კარიც ჩემი შვილის გარეშე-თქო. მერე ზღვაზე, ვეტერანების ბაღში შევხვდი ირაკლი ალასანიას, დაცვა არ მიშვებდა მასთან, კამათიც კი მომივიდა და ბოლოს მაინც მივედი. ჩვენი დეპუტატი ზურა აბაშიძე იყო, მასთანაც უამრავჯერ ვიყავი თხოვნით მისული, ალასანიას შემახვედრე-თქო. ირაკლიმ რომ გაიგო ვინ ვიყავი, მაშინვე მითხრა, გიცნობთ, ზურამაც მითხრა თქვენზეო, მომისმინა და შემპირდა, თუ მე ვერაფერს მოვახერხებ, იმას მაინც გავაკეთებ, გენინსპექციიდან საქმე გამოვითხოვოთ და ხელახალ წარმოებაში გავუშვათო. შემპირდა პირადად მივადევბენ თვალსო, მაგრამ 1 კვირაში გაათავისუფლეს მინისტრობიდან.

ჩემი ამბავი გია ყარყარაშვილმაც იცის, სწორედ ის დამიდგა გვერდით და „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გავასაჯაროვეთ.

ირაკლი შიხიაშვილთანაც ვიყავი, მომისმინა და აბა რა შემიძლიაო, ვუთხარი იურისტი ან ადვოკატი მაინც დამახმარეთქო და ამ საუბრის მერე, საქალაქო სასამართლოში დამიბარეს, იქ დამხვდა ადვოკატი. მკითხა-საქმე თუ გაასაჩივრეთო. ვუთხარი, რომ ბოლომდე მივიყვანეთ, მაგრამ შედეგი არ დამდგარატქო და თუ ყველა ინსტანცია გაიარეთ, აბა ჩვენ რაღას შევძლებთო. ძალიან გავბრაზდი, ახალი მთავრობის იმედი მქონდა, სამართლიანობას აღადგეგენ და ესაათქო? იცით რა მიპასუხა-მთავრობა კია ახალი, მაგრამ სასამართლოში ისევ ძველი კადრებიაო.

ეკა ბესელიამაც იცის ჩემი შვილის საქმე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, სულ მეუბნებოდა, ამ მტავრობის ხელში სამარტალს ვერ მიაღწევ, არცევნების მერე ყველაფერი შეიცვლებაო. მერე იური ვაზაგაშვილის გასვენებაში ვნახე სამებაში, თვითონ მითხრა-პარლამენტში შემოიტანეო წერილი. შევიტანე. მერე პასუხი მომივიდა, რომ მოთხოვნა პროკურატურაში გადაიგზავნა, ერთ კვირაში კი პროკუტარუტამ მომწერა, რომ საქმე სამართლიანად არისო წარმოებული.

მაინც ვერ გავჩედებოდი, მინდოდა თინა ხიდაშელთან შეხვედრა. გვქონდა კომუნიკაცია ფეისბუქში, მაგრამ პირადად არ მინახავს. შემხვდა მისი მოადგილე, რომელმაც მითხრა, რომ აუცილებლად დაინტერესდებოდნენ ამ საქმით და მათი მიზანიც სიმართლის ზეიმი იყო, მაგრამ… მერე თინას მაგივრად მაია ქავთარაძე შემხვდა. აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, რომ ვერ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი, მითხრა-თქვენ გგონიათ მხოლოდ თქვენ ხართ გამწარებული? მე ია მეტრეველის და ვარ და არანაკლები სიმწარე გვაქვს გადატანილიო. მერე მითხრა, ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ სასამართლოში უჩივლე თავდაცვის სამინისტროსო.

-ქ-ნო მზია, ადვოკატები რას ამბობდნენ?

ახალგაზრდა ადვოკატები თავად მიწერდნენ სარჩელებს, გვერდით მედგნენ, ანა დოლიძე საქმის კურსში იყო. ირაკლი იმერლიშვილი საქმეს რომ გაეცნო მაშინვე მითხრა, ერთი შეხედვითაც გასაგებია რამ გამოიწვია ეს ყველაფერ, სამინისტროს კომპენსაციის გადახდა არ უნდოდაო.  მერე ყველას თანამდებობები ერგო და…

-კი მაგრამ, ფირები? ან გამომძიებელი, რომელიც თქვენთან პირველად მოვიდა?

-ჩემი შვილი სახლში მესვენა, ყველა მოდიოდა და მეუბნებოდა, მისი ბრალეულობა არ იკვეთებაო. მაშინ გადაცემაც გადიოდა-საპატრულო და იმასაც ვინც უყურა ყველა მაგას ამბობდა. მე ჭკუა არ მომეკითხებოდა, გამომძიებელი რომ მოვიდა, მხოლოდ ის მახსოვს მითხრა-თქვენი შვილი არ იყო დამნაშავეო. უკვე 4-5 თვის მერე გამომძიებელს რომ მივაკითხე, მითხრა-დამნაშავე იყოო. გავგიჟდი, ვკიტხე-სახლში მოხვედი და მითხარი, გამართლებულიაო და ასე 4 თვეში რა შეიცვალათქო. ვერაფერს მეუბნებოდა, ჩუმად იყო და ბოლოს მკითხა, არ ვიცი მიმახვედრა თუ რა-დაზღვევა თუ მიიღეთო. მე არაფერი ვიცოდი დაზღვევის თაობაზე. მერე ისევ გამომძიებელმა მითხრა სამინისტროს და სადაზღვევოს მიაკითხეთო.

მივედი თავდაცვაში, მიტხრეს-თუ გამართლდა მოგეცემათ დაზღვვა, თუ არ გამართლდა-არაო. მერე წავედი „აისი“ ჯგუფში, იქ ამიხსნეს, რომ თუ სამსახურეობრივად მოუვიდა მარცხი, თავდაცვი სამინისტრომ უნდა გადაიხადოს, თუ ისე-ჩვენო.  მაგრამ სამართალს ვერსად ვერ მივაღწიე. ვერც კანონს მაჩვენებენ, რომლის მიხედვით არ გვეკუთვნის კომპენსაცია, ჯანდაბას თანხა-მე სიმართლის დამტკიცება მინდა, ჩემი უდანაშაულო შვილი დამნაშავედ გამოიყვანეს და რისი გულისთვის, კომპენსაციის? საშინელებაა, მეორედ მომიკვდა ამ უსამართლობით ბიჭი.

-ფირებზე არაფერი გითქვამთ.

-“ჯეოსელის” ოფისში რომ მივედი, ეს უკვე რამდენიმე თვის მერე და ფირები ვიკითხე, მითხრეს, გაუქმებულიაო. ძალიან შევწუხდი, ნუთუ ვერავინ ნახავსთქო და მიტხრეს, გამომძიებელმა ნახა და წაიღოო. ისიც კი მითხრეს, ჩვენც ვნახეთ და ფირზე ყველაფერი კარგად ჩანსო.

-ახლა თავდაცვას კიდევ ახალი მინისტრი ყავს. თუ იყავით იზორიასთან?

-იზორიამდე ჯერ ვერ მივედი, მაგრამ რისი იმედი უნდა მქონდეს? პირად საუბარში ყველა მეუბნება-მართალი ხარო, მერე კი…

-რას აპირებთ?

-ჯერ არაფერი არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ არ გავჩერდები, მჯეროდა ახალი მთავრობა მოვიდა და სამართალს ვიპოვითქო, მაგრამ…უკან არაფერზე დავიხევ, სიცოცხლეს შევწირავ, რომ სიმართლე დავამტკიცო და ჩემს შვილს თვალებში თამამად შევხედო.

  ლევან იზორიასთვის პირადად მზია მელაძეს არ მიუმართავს და არ შეხვედრია, მაგრამ როგორც ირკვევა, უწყებას აღნიშნულ საქმეზე ორი წერილით მიმართა შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსმა დავით ნემსაძემ.

-„იზორიას უწყებას ორი წერილით მივმართე ქალბატონი მზიას მინდობილობა მოითხოვეს, საქმე რომ ბიუროკრატიულად გაეწელათ. როცა ეს მინდობილობა წარუდგინე ისეთი იდიოტობა მომწერეს ამას სჯობდა, პასუხი საერთოდ არ გამოეგზავნათ. მიგზავნიან ახალაიას და სიხარულიძის დროს ,,გაპრავებულ“ მარაზმს, სადაც წერენ რომ ეს შემთხვევა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არ მომხდარა“-ამბობს ნემსაძე.

თადარიგის ოფიცერმა საკმაოდ ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა და მინისტრს განმეორებითი მოკვლევა მოსთხოვა.

როგორც გავარკვიეთ, საქმეში სხვადასხვა არასამთავრობოს წარმომადგენლები აპირებენ ჩართვას და ერთობლივი მოთხოვნისა და ბრიფინგის მოწყობას. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თავდაცვის სამინისტროს ახალ შემადგენლობაში და შეძლებს თუ არა გარდაცვლილი სერჟანტის დედა სიმართლის დადგენას, ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი თვალს მივადევნებთ პროცესის მიმდინარეოას და საქმეზე მოპოვებულ ყველა ახალ დეტალს და მხარეების კომენტარს საზოგადოებას გავაცნობთ.

 

 

კომენტარის დატოვება