ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება.  ის პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზეა ბრალდებული.

მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა, ვინაიდან პროკურორების თქმით, გრიგორიადისის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არსებობს.

სხდომაზე ლაზარე გირგოროადისმა განაცხადა, რომ ის ვაკეში დააკავეს, ქალაქში იყო და არავინ დაკავშირებია, საგამოძიებო მოქმედებაში მიეღო მონაწილეობა. მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.