2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც არ მიუღია წარმოებაში, 2012-მდე საშინელება ხდებოდა – ირაკლი ღარიბაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც კი არ მიუღია წარმოებაში, 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშილის თქმით, ოპოზიცია ევროპაში მოსყიდულ ლობისტებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად არნახულ კამპანიას ეწევა მაშინ, როცა ქვეყანა ძალიან დიდი ცვლილების, ტრანსფორმაციის ეპოქაში იმყოფება.

„რაც მთავარია, უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, მე მინდა კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტი მოგიყვანოთ. აი, ამ რეფორმების ეფექტიანობაზე, ეფექტიანობის ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი, ძვირფასო დეპუტატებო, არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომელსაც ვერავინ გააყალბებს და შეუძლებელია ამით მანიპულირება. ამ სტატისტიკის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან ერთი საქმეც კი არ მიუღია წარმოებაში 2012 წლის შემდეგ. 2012-მდე საშინელება ხდებოდა, ჯოჯოხეთი იყო მოწყობილი, ჯოჯოხეთი პირდაპირ. ეს ადამიანები ჩადიან ევროპაში, თავიანთ მოსყიდულ ლობისტებთან ერთად, არნახულ კამპანიას ეწევიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. თან ასეთ ვითარებაში, როცა ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ, მე ვიტყოდი ძალიან დიდი ცვლილების, ტრანსფორმაციის ეპოქაში. ასეთ დროს, თუ ვინმე აკეთებს ანტიქართულ საქმეს, ეს არის ჩვენი განადგურებული ოპოზიცია. კიდევ ვიმეორებ, ეს არის თქვენი სახე, თქვენს ქმედებაში არის გამოხატული თითოეული ანტიქართული ქმედება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.