“ზელენსკიმ ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს იმისთვის, რომ მან მიიღოს კონკრეტული ზომები და პრეზიდენტი სააკაშვილი გადასცეს უკრაინას” – თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს – 48 საათი იმისთვის, რომ მიიღოს კონკრეტული ზომები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ  იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება გაიაზრებს რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ზელენსკის მოთხოვნის უგულებელყოფას.

„წელიწადზე მეტია მას შემდეგ გასული, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი გაიწვია საქართველოდან, შემდეგ ვნახეთ არაერთი კრიტიკული გზავნილი, ვნახეთ სანქცია მათ შორის, გაიაშვილის და მისი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ღიად არღვევს სანქციებს, რაც დაწესებულია რუსეთზე, ახლა ვხედავთ, რომ საქართველოს ელჩი კიევში რეალურად დემარშით გამოუშვეს დედაქალაქში, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება იკავებს ღიად ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პოზიციებს, ამაში მოიაზრება მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის განგრძობადი, უკანონო, პოლიტიკური ტყვეობა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და პრაქტიკულად, მთელი თავისუფალი სამყარო გმირად აღიარებს, ძალიან კონკრეტული ვადა მისცა ივანიშვილის რეჟიმს – 48 საათი იმისთვის, რომ მან მიიღოს კონკრეტული ზომები და პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გადასცეს უკრაინას, მას დაუყოვნებლივ სჭირდება ადეკვატური მომსახურების მიღება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. იმედია, გაიაზრებს დღევანდელი რეჟიმი, რამდენად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას მათთვის და ქვეყნისთვის, თუ უგულებელყოფენ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკის ამგვარ მოთხოვნას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.