“რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა.  ის მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის საწყობების დაბომბვაზე რეაგირება მოახდინონ.

„ომის კიდევ ერთი ღამე, ჩვენი გმირი საჰაერო თავდაცვის ძალების შრომის კიდევ ერთი ღამე. ჩვენ ვიცავთ თავს ჩვენს ხელთ არსებული ძალების მაქსიმუმით. ჩამოგდებულია ბევრი „შაჰედი“. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. სამწუხაროდ, არის დაზიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი – ქვეყნის სამხრეთით”, – წერს ზელენსკი “ტელეგრამზე”.

მისი თქმით, რუსეთი, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, უნდა შეაჩერონ.

“რუსი ტერორისტები კვლავ ესხმიან თავს პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. მსოფლიომ უნდა უპასუხოს. როდესაც სამიზნე სამოქალაქო პორტებია, როდესაც ტერორისტები განზრახ ანადგურებენ ელევატორებსა კი, ეს საფრთხეა ყველასთვის ყველა კონტინენტზე. რუსეთის შეჩერება შესაძლებელია და რუსეთი უნდა შეჩერდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა.