ინტერპელაცია ერთგვარი ემოციების გამოხატვის შესაძლებლობაა – მეეჭვება, შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა იმაზე უფრო ინფორმაციული იყოს, ვიდრე პარლამენტის შენობის გარეთ გაკეთებული კომენტარებია – იაგო ხვიჩია

ინტერპელაცია ერთგვარი ემოციების გამოხატვის შესაძლებლობაა – მეეჭვება, შს მინისტრის პარლამენტში მოსვლა იმაზე უფრო ინფორმაციული იყოს, ვიდრე პარლამენტის შენობის გარეთ გაკეთებული კომენტარებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

გარდა ამისა, ხვიჩიას თქმით, „გირჩს“ პარლამენტში არც ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელი არ შეუშლია და ამჯერადაც ასე იმოქმედებს.

„ოპოზიციას ამ საქმეში ხელს სულ ვუწყობთ, თუმცა თვითონ ჩვენს სასარგებლოდ მთლად ასე არ დახარჯულან. ახლაც იმავეს გავაგრძელებთ – ჩვენს კოლეგებს რამის გამოძიებაში ხელს არ შევუშლით. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩვენს ჩართვას, სადაც არის გასაგები, ისედაც შეგვიძლია გავიგოთ ხელისუფლების უპასუხისმგებლობები. ამის იქეთ, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, დავაკვირდებით ჩვენი კოლეგები როგორ გამოიძიებენ, მომხდარ ტრაგედიაში რამდენად არის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები. მე „ყველაფეროლოგი“ არა ვარ და არ შეიძლება ჩემით გამომქონდეს დასკვნები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების, სხვადასხვა ექსპერტების დასკვნებს უნდა ველოდებოდეთ და ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას ეს უნდა განაპირობებდეს. მჯერა, ის, რაც შოვში მოხდა, ხელისუფლებას ძალით არ მოუწყვია, მაგრამ შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და რაშია ხელისუფლება დამნაშავე, ამაზე კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა ისაუბრონ. ახლა, რასაც ჩემი კოლეგები გამოთქვამენ, ყველა ვარიანტში გამოჩნდება როგორც პოლიტიკური სპეკულაცია და ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაციების მოწყობა არ მინდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.