“ცოტა შორეული პერსპექტივა იყო 2030 წელი, მაგრამ როცა ევროპის აღმასრულებელი რგოლიც ამბობს, ესეც არ არის სწორი, რომ ასე კონკრეტული, ძალიან მკაფიო დრო დავასახელოთო, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა” – მამუკა მდინარაძე

ცოტა შორეული პერსპექტივა იყო 2030 წელი, მაგრამ როცა ევროპის აღმასრულებელი რგოლიც ამბობს, ესეც არ არის სწორი, რომ ასე კონკრეტული, ძალიან მკაფიო დრო დავასახელოთო, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით , „ცოტა დამაბნეველია, რომ ევროპელი მეგობრების მხრიდან სხვადასხვა სახის გზავნილები გვესმის“.

„ცოტა დამაბნეველიც იყო ის, რომ 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან. ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ საქართველოს. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ეს ქვეყნები მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან, მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი, მითუმეტეს, როდესაც ეს ბუნდოვანება შემოიტანა კონკრეტულმა თარიღმა, რომელიც ცუდი არ არის. ცოტა შორეული პერსპექტივა იყო 2030 წელი, მაგრამ როცა ევროპის აღმასრულებელი რგოლიც ამბობს, ესეც არ არის სწორი, რომ ასე კონკრეტული, ძალიან მკაფიო დრო დავასახელოთო, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ, რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროპას მეტად დაუახლოვდეს. ჩვენი გაცხადებული კონსტიტუციური მიზანია და ქართველი ხალხის სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ევროპული ღირებულებებით. ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს წარმოუდგენია. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, ოპოზიცია 2 ნაწილად არის გაყოფილი და მათ არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მაშინ, როდესაც სინათლის სხივი გამოჩნდა და შეიძლება კანდიდატის სტატუსი მართლა მოგვანიჭონ, 100%-ით ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ როდესაც შანსი გამოჩნდა რეალურად და ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ შეიძლება მართლა მოგვცენ, აქ ატყდა პანიკა და 2 ჯგუფად გაიყვნენ. ერთი, რომელი ისევ ცდილობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგონ წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის გეგმები, მეორე ჯგუფი ასევე ცდილობს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგოს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები. ამ 2 ჯგუფს შორის საერთო არის მიზანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მიიღოს. სხვა შემთხვევაში, მათ გეგმები უქრებათ და ენგრევათ“,-განაცხადა მდინარაძემ.