ნებისმიერი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და დასჯადია – შალვა პაპუაშვილი

ნებისმიერი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა იყოს, დასაგმობი და დასჯადია. მე უბრალოდ, ასევე გიხსნით იმ ძალადობის ანატომიას, რომელიც შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ   პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშილმა განაცხადა.

ის  ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალადობას, სადაც ადგილი აქვს, შესაბამისად უნდა იყოს დასჯილი, რაზეც „ქართული ოცნება“ ყოველთვის საუბრობს.

„ამას ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გახლავთ სწორედ ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართველ ხალხზე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე. თუნდაც რომ გავიხსენებთ 7-8 მარტის მოვლენებს, გვახსოვს, რომ ადამიანს ცეცხლს უკიდებდნენ და ამას ამართლებდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ძალადობა ჩანს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

„გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ძალადობის კულმინაცია იყო ეს, როგორც ფიზიკური ისე ვერბალური ძალადობის და ისე ფაშისტური მოწოდებების, რომ ადამიანები გარიყონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. ასე რომ, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა აქტივისტების გარკვეული კასტა, რომლებიც მზად არიან წავიდნენ ნებისმიერ ძალადობაზე და ამას ისინი რაღაც მიზნებით ამართლებენ. სხვათა შორის, აქ პარალელი შეიძლება გაევლოს, მათ შორის პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით. აქაც იგივე მოტივაცია გვესმის, რომ თუ ჩათვლიან, რომ მიზანი არის დიადი, ამ შემთხვევაში, საშუალებაც გამართლებულია. ანუ თუკი ჩათვლიან, რომ ასეთი ვიზიტების მიზანი არის ევროკავშირთან დაახლოება და ასე იტყვიან, მაშინ კონსტიტუციის დარღვევა, როგორც საშუალება, მისაღებია. თუკი ჩათვლიან, რომ საჭიროა რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა, მაშინ საშუალება, რომ ადამიანს ამის გამო ცეცხლი წაუკიდო და ლამის ცოცხლად დაწვა, გამართლებულია. ასეთი ბოლშევიკური მიდგომის მქონე აქტივისტების ჯგუფი ჩამოაყალიბა რადიკალურმა ოპოზიციამ. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წინ არჩევნებია და როგორც ჩანს, ეს ჯგუფი კიდევ უფრო მეტად აგრესიული გახდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.