ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, ქართული მხარის მხრიდან კი წამოყენებული იქნა საკითხი, რომ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემთხვევაში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ყველა პოლიტიკური ჯგუფი და გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიების ეს ნაწილები და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან სათანადო შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ ევროპელი პოლიტიკოსისგან, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის – ხალხის და ხელისუფლების მიმართ“,– განაცხადა პაპუაშვილმა.