როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა – რომან გოცირიძე

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა – „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია! – აღნიშნული განცხადება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება თუ “ქართული ოცნება“ ახლა ფურცელს გადაშლის და იმ შეცდომას და უპატივცემულობას დაივიწყებს, რასაც აშშ-ს ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა.

„სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორიც კელი დეგნანი იყო.

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა. “ქართული ოცნებისთვის” დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები არის მიუღებელი.

„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ იმ რიტორიკას ვისმენთ, რითაც პარლამენტში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ… ასევე თუ გავიხსენებთ აშშ-ს წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო – “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.