„დღეს სიონისტებმა, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ღაზას სრული ბლოკადა განახორციელეს და შეუწყვიტეს წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება ამ რეგიონის ჩაგრულ ხალხს” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ყველა ისლამურ და არაბულ ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რათა, მისი თქმით, პალესტინის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ისრაელის სისასტიკეს ბოლო მოეღოს.

ირანული მედიის ინფორმაციით, რაისმა ეს განცხადება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

„ისლამური რესპუბლიკა ცდილობს დაამყაროს ასეთი კოორდინაცია რაც შეიძლება მალე, ისლამური ქვეყნების მეთაურებთან კონტაქტის გზით“, – აღნიშნა რაისმა.

მისი მტკიცებით, ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს.

„დღეს სიონისტებმა, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ღაზას სრული ბლოკადა განახორციელეს და შეუწყვიტეს წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება ამ რეგიონის ჩაგრულ ხალხს, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა თვითგამოცხადებული დამცველები ცდილობენ მჩაგვრელისა და ჩაგრულის პირიქით წარმოდგენას თავიანთი ორმაგი სტანდარტებით, რაც სიონისტურ რეჟიმს თავდაჯერებას მატებს და პალესტინელების გენოციდის გაგრძელებას იწვევს“, – აღნიშნა ებრაჰიმ რაისმა.