“უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება თავად შეუწყვიტოს და საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა, რისი დიდი მოლოდინიც არ მაქვს” – გიორგი კახიანი

კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილების მოლოდინი გვაქვს, რადგან იურიდიული თვალსაზრისით ამ დავის შინაარსი ძალიან მარტივია, – ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის პოზიცია.

კახიანის თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება, „რათა განმეორებით ასეთი ქმედებების ჩადენა თავში არ მოუვიდეს“.

„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, რა არის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა და რა – უფლებამოსილების. უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება თავად შეუწყვიტოს და საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა, რისი დიდი მოლოდინიც არ მაქვს. როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში უნდა განვსაზღვროთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორ ვიმოქმედოთ.

პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, რომ კენჭისყრა არ ჩატარდეს და ჩატარდეს. ჩვენ კენჭისყრის ჩატარებას ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. მე პირადად ისეთ საუბარს არ შევსწრებივარ, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ კენჭისყრა არ ჩატარდეს. ამ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, შემდეგ რეგლამენტის პროცედურას გავყვებით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.